ქალის მკერდი და მისი ზომა, რა თქმა უნდა, არ განსაზღვრავს ურთიერთობის პერსპექტივას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მადისაღმძვრელი დეკოლტეს მფლობელები ყურადღებას იპყრობენ და მეტი შანსი აქვთ. საოცარია, რომ ვნებები ორი მცირე ჯირკვლის გარშემო დუღს. მათი ძირითადი დანიშნულება შთამომავლობისთვის რძის გამომუშავებაა. როგორც ჩანს, ამ რძესთან ერთად გადაეცემა ძლიერ სქესს ქალის მკერდისკენ სწრაფვაც.
მკერდის ფორმა და ზომა გენეტიკურად განისაზღვრება. ევროპაში ქალების უმრავლესობას ნახევარსფეროსებრი, აზიაში -კონუსური, აფრიკაში - მსხლის ფორმის მკერდი აქვთ. დანარჩენი დამოკიდებულია ინდივიდუალურ კომპლექტაციაზე, ასაკზე, ცხოვრების წესსა და მოვლაზე. იდეალურ შემთხვევაში, ძუძუსთავი განლაგებული უნდა იყოს მხრის ძვლის შუა დონეზე, ხოლო მანძილი ლავიწამდე 2-ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე მკერდის ნაკეცამდე.
მკერდი ბუნებრივად ნაზი და სუსტია, სხვა ორგანოებისგან განსხვავებით მას იცავს არა ძვლები და კუნთები, არამედ მხოლოდ ცხიმის თხელი ფენა, მყესები და კანი, რომლებიც ერთგვარ ბუნებრივ ბიუსჰალტერს ქმნიან.
კოსმეტიკა
თუ ქრონობიოლოგებს დავუჯერებთ, მკერდის მოვლისთვის საუკეთესო დროა დილის 10-11 საათი. კოსმეტოლოგები გვირჩევენ მკერდის მოვლის საშუალება შევიზილოთ დილა-საღამოს მთელ მკერდზე და დეკოლტეზე ყელამდე - მიმართულებით - ზევით, ეკონომიის გარეშე. მომენტალური მოქმედების ჯადოსნური ელექსირი ჯერ არ გამოუგონებიათ, მაგრამ საბოლოო შედეგი დიდად არის დამოკიდებული საშუალების აქტიურ კომპონენტებზე. ტანის მოვლის რძე სასწაულებს არ ახდენს, ის მხოლოდ სინორჩეს უნარჩუნებს კანს. სიმშრალის, მოშვებულობის, პიგმენტაციის, სტრიების მოსაშორებლად საჭიროა აქტიური საშუალებები. მაგ. ლიფტინგ-კრემები შეიცავს სპეციალურ ლაბისებრ ნივთიერებას, რომელიც მოიცავს მთელ მკერდს უხილავი ქსელის სახით, ჭიმავს და ამკვრივებს კანს, სხვა კომპონენტები აძლიერებს უჯრედების მუშაობას, რის გამოც მკერდი თანდათან „მაგრდება“ ახალ კონტურებში. ალტერნატივა შეიძლება იყოს სახის და ყელის დამჭიმავი კრემები.
ფრანგი კოსმეტოლოგები პირდაპირ ურჩევენ ქალებს მკერდსაც ისე მოუარონ, როგორც სახეს: გაწმინდონ რძით და ტონიკით, გაიკეთონ ნაზი პილინგი, წაისვან აღმდგენი შრატი, დამჭიმავი კრემი და ა.შ.
სპორტი
ფიზიკური დატვირთვა არაერთმნიშვნელოვნად მოქმედებს მკერდზე. თუ თეთრეულს სწორად არ შეარჩევთ, აერობული ვარჯიშის დროს (სირბილი, სიარული და ა.შ.) სარძევე ჯირკვლები მუდმივად იმოძრავებს, კანი გაიჭიმება და მოეშვება.
საჭიროა სპეციალური ტოპი, რომელიც კარგად დაამაგრებს მკერდს ზეწოლის და დისკომფორტის გარეშე. სპორტ-დარბაზში მკერდის ზომის გაზრდა შეუძლებელია, მაგრამ აწევა და მისი მოხაზულობის შეცვლა სავსებით რეალურია. ამ ზონის ვარჯიში ავითარებს მკერდის კუნთებს, ისინი უშუალოდ არის დაკავშირებული სარძევე ჯირკვლებთან, მათი სწორად განვითარების და გამკვრივებისას, მკერდი მიმზიდველად გამოიყურება. გმირობას არავინ გთხოვთ, მაგრამ რამდენიმე აზიდვა, პლუს ჰანტელებით წავარჯიშება თვალსაჩინო შედეგს გამოიღებს.
მასაჟი
მკერდის მასაჟის ბევრი მეთოდი არსებობს. ის ძირითადად მიმართულია სისხლის მიმოქცევის, დრენაჟის გაუმჯობესების და კანის გამკვირვებისკენ. მასაჟის გაკეთება უმჯობესია ყოველდღე შხაპის ქვეშ და კრემის წასმის დროს.
არსებობს თვითმასაჟის რამდენიმე ზოგადი წესი:
1. მოძრაობა უნდა იყოს ზევით მიმართული,
2. მოძრაობამ უნდა მოიცვას დეკოლტეს მთელი ზონა,
3. არანაირი დაწოლა, ხელის დატყაპუნება და დაზელვა,
4. მასაჟი მხოლოდ საცხით სრულდება.
მკერდის მოდელირება ანდეთ პროფესიონალებს, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკას ფლობენ, ასევე იყენებენ სახვევებს და ნიღბებს. შესანიშნავი ეფექტი აქვს წყლით მასაჟს. თუმცა მისი გაძლება ყველას არ შეუძლია, რადგან ეფექტს მხოლოდ ცივი წყალი იძლევა. წყლის ნაკადის წრიული მოძრაობა მკერდს ატონიზირებს და ამკვრივებს. ცხელი წყალი, პირიქით, ადუნებს შემაერთებელ ქსოვილს. ამიტომ აბაზანის მიღებას კოსმეტოლოგები მჯდომარე მდგომარეობაში გვირჩევენ, წყალში მხრების ჩაშვების გარეშე.
ქირურგია
დღეს მკერდის პლასტიკა ჩვეულებრივი საქმეა. ოპერაცია სავსებით მისაღებია, მცირე დრო სჭირდება და შესანიშნავ ეფექტს იძლევა. კეთდება მიკროსკოპული ნაკვეთი, ხოლო თუ ნაკერი ცუდად ხორცდება, მას ლაზერით ასწორებენ. იმპლანტანტი სრულიად შეუმჩნეველია გარეგნულად და ხელის შეხებითაც. მთავარია არჩეული ზომა და ფორმა შეესაბამებოდეს სხეულის აღნაგობას. ექიმს წინასწარ შეუთანხმეთ ფორმა, ზომა და სიმკვრივეც კი. სარძევე ჯირკვალი მოძრაობისას ოდნავ უნდა ირხეოდეს.
კოსმეტიკური ნიღბები და სახვევები მკერდისთვის
კოსმეტიკური ნიღბები და სახვევები ძალიან სასარგებლოა მკერდის კანისთვის. ეს ყველაფერი ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს. მათი გამოყენების წესი ასეთია: უნდა წაისვათ სქელ მასად და არ ჩამოიბანოთ კარგად გამოშრობამდე.
სახლის პირობებში ყელისა და მკერდისთვის სასარგებლო სხვადასხვა ნიღბის დამზადებაა შესაძლებელი. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანტაზია და მოიფიქროთ საკუთარი ნიღაბიც ხილის, თაფლის, რძისა და სხვა ბუნებრივი მასალების გამოყენებით.
თაფლის ნიღაბი
დასამზადებლად საჭიროა 2 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. აურიეთ ისინი ერთმანეთში ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი წაისვით მკერდზე და დეკოლტეს არეში. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის გაკეთებამდე შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ მისი კომპონენტების მიმართ ალერგია.
მაწვნის ნიღაბი
ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ: 50 გრამი მაწონი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 კვერცხი. აზილეთ მაწონი ზეითუნის ზეთსა და კვერცხთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით მკერდზე ისე, რომ არ შეიზილოთ. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მარწყვის ნიღაბი
დასამზადებლად საჭიროა 300 გრ. მარწყვი. გარეცხეთ ის კარგად და დასრისეთ ჩანგლის საშუალებით. დააფინეთ მიღებული მასა მარლაზე და წაისვით დეკოლტეს არეში კანზე.
გვირილის ნიღაბი
დასამზადებლად დაგჭირდებათ: 2 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, 3 სუფრის კოვზი მაწონი, 3 ჭიქა წყალი, 2 ჩაის კოვზი მცენარეული (ზეითუნის) ზეთი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი.
გვირილის ყვავილი ჩაყარეთ წყალში და აადუღეთ, ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. მაწონში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ არაჟანი. ყველაფერი ეს საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში.
მიღებული მასა წაისვით თხლად ყელისა და მკერდის არეში და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის მომზადებული ნახარშით.
და ხარკი მოდას
საგაზაფხულო კოლექცია თითქოს შექმნილია მკერდის ხიბლის წარმოსაჩენად. შეგიძლიათ პატარა ეშმაკობასაც მიმართოთ. მკერდს ვიზუალურად გაადიდებს push-up სტილის ბრები, მათი ალტერნატივაა გელის შემცველი ბალიშები, რომელთა შეძენა ინტერნეტ-მაღაზიებშიც შეგიძლიათ. მათ ათავსებენ ბიუსტჰალტერში, ისინი რბილდება სხეულის სითბოს გავლენით და იღებს მკერდის ფორმას. ზოგიერთი მოდელის მიმაგრება პირდაპირ ტანზე შეგიძლიათ და თეთრეული საჭირო აღარ არის. არ დაივიწყოთ მბზინავი პუდრი, დეკოლტეს ხიბლს შემატებს ასევე საცხი და ზეთი სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებით.